ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ინიციატივის ფარგლებში, (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით აჭარის უმაღლესი საბჭო შეუერთდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივას და 2020 წლის 30 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად უმაღლეს საბჭოში მუდმივმოქმედი ორგანო – ღია მმართველობის საბჭო იქმნება.
აჭარის მთავრობის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული საბჭო ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ღია მმართველობის საბჭო გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.