კალაძე: მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავლში გვეცოდინება

552

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია და ვაგონების შესყიდვა დაგეგმილია. როგორც კახა კალაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი” განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

„რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურულ პროექტებს, ხედავთ ყველა იმ პროექტის განხორციელების დროს, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ და ქუჩების განახლებას ვაწარმოებთ, ველობილიკები ყველგან გათვალისწინებულია, როგორც ეს განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებშია.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დაწყებული გვაქვს ახალი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, ასევე მეტროს რეაბილიტაცია.

პარალელურად, ასევე მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავლში გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

ასევე, მერიის პროექტი არ იყო, თუმცა ჩვენ ვმონაწილეობთ და გუშინ წარმოვადგინეთ ელექტროსკუტერების შემოყვანა. ვმონაწილეობთ იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში, სხვადასხვა რაიონში კონკრეტული ადგილებია გამოყოფილი, სადაც შესაძლებელია ელექტროსკუტერები განთავსდეს. ეს მართლაც ძალიან მიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. ალბათ, ბევრი ვყოფილვართ უცხოეთში და ყველა დიდ ქალაქში არის ასეთი ელექტროსკუტერი“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის ის, თბილისის მერმა უპასუხა:

„საქართველოში 2,5-ჯერ იაფია, ევროპის ფასებს რომ შევადაროთ, თუმცა ერთი განმარტება მინდა გავაკეთო: ცხადია, ეს არ იქნება ის ტრანსპორტი, რომელსაც ყველა ასაკის და ყველა ადამიანი მოიხმარს, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, როგორც მაგალითად, არის ადამიანების კატეგორია, ვინც მეტროთი, ტაქსით, ან ავტობუსით გადაადგილდება. განსხვავებული მიდგომებია, ზოგს მოსწონს, ზოგს-არა. ჩვენ ასევე ვაპირებდით ველოსიპედების შემოყვანას, თუმცა დღევანდლელი რეალობიდან გამომდინარე, შესყიდვა გადაიწევს და ცოტა მოგვიანებით განვახორცეიელბთ ამას. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალფეროვნებისთვის კეთდება. ეს წაადგება ჩვენს ქალაქსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“, – განაცხადა კალაძემ.