ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ოზურგეთში გურიის ტურისტული ფესტივალი გაიმართა

1099

ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გურიის ტურისტული ფესტივალი გაიმართა-ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალზე მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. ყველა მუნიციპალიტში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები. დამთვალიერებლებსა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითათ ცხენებით, ეხილათ ბაზიერები, საჩუქრად მიეღოთ გურიის ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი გურული სიმღერები.

ფესტივალი გაიმართა პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში. 3 წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გურიაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

გურიის ტურისტული ფესტივალის მონაწილეებს: ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებს, სფეროს ექსპერტებს, მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა – მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, ოზურგეთის მერმა; ასევე, პროექტის ხელმძღვანელმა ნანა თავდუმაძემ. მათ გურიის ტურიზმის განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე, ტურიზმის სტრატეგიაზე და გურიის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება.

24–26 ივლისს, ოზურგეთში კოლეჯ „ჰორიზონტში“გაიმართება გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიანი განხილვა.

ფესტივალს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილე გია ებრალიძე, ევროკავშირის წარმომადგენელი დომინიკა სკუბიდა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტურიზმის სფეროს ექსპერტები, გურიაში მყოფი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

წყარო: აიპრესი