კალაძე: მინდა, ვთხოვო სასულიერო პირებს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არანაირად შეურაცხყოფს ვინმეს რწმენას

981

თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს.

როგორც კალაძემ განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.

„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა.

მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ წესებს, რაც ძალიან ცუდია.

ორგანიზებულობით და ერთსულოვნებით ყველა ერთად მოვედით დღემდე საუკეთესო შედეგებით.

მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით.

ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ყველა შევძლებთ, ღირსეულად გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე“, -განაცხადა კალაძემ „პოსტ ტვის“-ეთერში, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.