თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობა უახლოეს ხანებში წარადგენს პაკეტს, თუ რა დახმარებას გაუწევს ბიზნესსექტორს.
“მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, რა თქმა უნდა, არის ვირუსთან ბრძოლა. ამ ვირუსს ებრძვის მთელი მსოფლიო და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და პრობლემები არავის ჰქონდეს. მეორე კი არის ის, რომ ეს პროცესები გარკვეულ დარტყმას, ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს ეკონომიკას. შესაბამისად, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი პაკეტი, თუ რა დახმარებას გავუწევთ ბიზნესსექტორს და რა ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: ხშირად ისმის ადამიანების მხრიდან, მეც ძალიან ბევრი მწერს, რომ ამა და ამ კომპანიამ სახლში გაუშვა ხელფასის გარეშე. ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გავიჭირვოთ. მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რათა თქვენ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა ღირსეულად შეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გაითვალისწინებს ბევრი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი და ადამიანებს არ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას არ ითვალისწინებს და ყველას აქვს საშუალება, პროდუქტი ნებისმიერ დღეს შეიძინოს.
“დღეს ძალიან მომატებული იყო სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხალხის რაოდენობა, პროდუტების შესყიდვასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას: ისინი არ იქნებიან შეზღუდულები იმაში, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გამოვიდნენ საკვების შესაძენად. ასევე ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს აფთიაქები და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, იყიდოს ყველა საჭირო წამალი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს, 21 მარტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 49 შემთხვევაა დაფიქსირებული.