თბილისის მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას აჩერებს

654

ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა.

„მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ. რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში.

სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამიერიდან ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.