თბილისის მერია თემქის ხევსა და დიღმის ჭალებში პარკების მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში მწვანე სივრცეების რაოდენობა იზრდება.
„ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს გავიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულო პირობაა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუ არ იქნება სრულყოფილი კვლევა წარმოდგენილი ტრანსპორტზე და არ იქნება წარმოდგენილი დენდროლოგიური პროექტები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მშენებლობას უნდა ჰქონდეს გამწვანებული სივრცეები, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს მწვანე სივრცეებთან მიმართებაში და მე მგონი, ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება. ელემენტარულად ავიღოთ გზაგამყოფები, რომელიც იყო ბეტონის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალური თვალსაზრისითაც. ჩვენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ეს გზაგამყოფები გავამწვანეთ, მოვაწყვეთ სარწყავი სისტემები. მერიასთან, სააკაძის მოედანზე არის ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას. გვინდა, რომ ქალაქი იყოს მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას. გენგეგმაში გაწერილია ასევე საქალაქთაშორისო პარკების მშენებლობა და ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ამის მაგალითია თემქის ხევი, რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული და სერიოზული პრობლემაა დღეის მდგომარეობით. ძალიან წუხს მოსახლეობა, თუმცა, თემქელები შემიძლია დავამშვიდო, რომ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პარკი დედაქალაქში. პირველი პარკი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ ასეთი მასშტაბებით. იგივე მიდგომაა დიღმის ჭალების პარკზე, რომლის პროექტიც გვაქვს უკვე და უახლოეს მომავალში მშენებლობის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ.