კალაძე: გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებში ქაოტური განაშენიანება თავიდან ავიცილოთ

755

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებში ქაოტური განაშენიანება თავიდან იქნას აცილებული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გენგეგმის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მასზე ბევრი მუშაობა მოგვიწია, ბევრი ნერვებიც დაიხარჯა, თუმცა ღირდა. თბილისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, გენგეგმის აღსრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, გენგეგმის საფუძველზე, შეჩერდა ქაოტური განაშენიანება და კოეფიციენტები შეიზღუდა. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო. გვაქვს კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც ისეთი მშენებლობებია განხორციელებული, რაც ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ახალი გენგეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში სწორად მოხდეს და ქაოტური განაშენიანება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა წარმოდგენილი იქნება დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო კვლევა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს განვიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულოა. არცერთი ნებართვა არ გაიცემა, თუ ჩვენ არ გვექნება სრულყოფილი კვლევა ტრანსპორტზე და თუ დენდროლოგიური პროექტი არ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს მწვანე სივრცეებთან მიმართებაში და ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რასაც ვახორციელებთ. მაგალითად, გზაგამყოფები იყო ბეტონის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალური თვალსაზრისითაც. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ეს გზაგამყოფები გავამწვანეთ, მოვაწყვეთ სარწყავი სისტემები. თუნდაც მერიასთან, სააკაძის მოედანზე ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე გვაქვს. გვინდა, რომ ქალაქი იყოს მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გენგეგმაში ასევე, გაწერილია საქალაქთაშორისო პარკების მშენებლობა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მაგალითად, ასეთია თემქის ხევი. დღეის მდგომარეობით, იქ სერიოზული პრობლემაა, რაც მოსახლეობას აწუხებს. მინდა, ისინი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელებას ძალიან მალე დავიწყებთ და მასზე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. ერთ-ერთი საუკეთესო პარკი იქნება დედაქალაქში და ასეთი მასშტაბებით პირველი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ. ამასთანავე, გვაქვს პროექტი დიღმის ჭალებზე და უახლოეს მომავალში მშენებლობის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა და სატრანზიტო დერეფნების მოწყობა სწორედ აღნიშნული გენერალური გეგმის მიხედვით ხდება.

„დაქირავებული გვყავს ფრანგული კომპანია, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება და ყველგან სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ეწყობა შესაბამისი ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ გადაადგილება ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურმა ლისის ტბის მიმდებარედ და კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე კონკრეტული არეალების დაგეგმარება თავად დაიწყო.

„თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური კონკრეტულ არეალებს უკვე თავად აგეგმარებს, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, როგორიც გვაქვს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა განავითარო კონკრეტული უბანი და შენი ქალაქი. შესაბამისად, ეს პრობლემები თავიდან რომ აგვეცილებინა, გამოვყავით ქალაქში ასეთი არეალები, მაგალითად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. იქ შევაჩერეთ განაშენიანება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავად დავგეგმოთ, როგორ განვითარდეს, რომ ქაოტური მშენებლობები თავიდან ავიცილოთ. ზოგჯერ ისე მიდის მშენებლობა, რომ ტერიტორიაზე არ არის წყალი, წყალარინების სისტემა, ბუნებრივი აირი, საგზაო ინფრასტრუქტურა ა.შ. ანალოგიური მიდგომაა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზეც. შემუშავებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები და მოსახლეობასთან ამ თემაზე შეხვედრებიც დაწყებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გენგეგმის მიხედვით, ყურადღება ეთმობა ქალაქში არსებულ გეოლოგიურად საშიშ არეალებს და მსგავს ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემის საკითხს.

„ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაზუსტდა გეოლოგიურად საშიში არეალები. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი მოწყვლადი ტერიტორიაა, თავიდან ვიცილებთ იმ საშიშროებებს, რომელიც შეიძლება გეოლოგიურად საშიშ ზონებში დაგეგმილ მშენებლობებს მოჰყოლოდა. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იმ ზონებში, რომელიც მეწყერსაშიშია, სამშენებლო ნებართვები არ გავცეთ და პრევენცია მოვახდინოთ. მაგალითად, შეშელიძის ქუჩა, რომელიც მეწყერსაშიში ზონაა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და სამუშაოების განხორციელებას რამდენიმე დღეში დავიწყებთ, რომ მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქალაქში არსებული რეალობა სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით შევცვალოთ. მიხარია, რომ ქალაქს უკვე აქვს დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორად განვითარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.