თბილისის ზღვის დაბინძურების შესაჩერებლად დედაქალაქის მერია GWP-სთან ერთად ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ივერთუბნის დასახლება იყო. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო ყველაფერი თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა.
„ჩვენმა მუნიციპალურმა სამსახურებმა ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დაედგინათ თუ საიდან მოდის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლება იყო, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საკმაოდ დასახლებული უბანია, არ არსებობს არანაირი საკანალიზაციო სისტემა და ეს ყველაფერი ჩვეულებრივად ქუჩაში მოედინება. გადადის ფერდების საშუალებით და ჩაედინება თბილისის ზღვაში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამის სამსახურებს GWP-ისთან ერთად დავალებული ჰქონდათ მოემზადებინათ პროექტი. პროექტი უკვე მზადაა. ჩვენ შეგვიძლია უკვე უშუალოდ სამუშაოების განხორციელება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, ამაში შედის პროექტის განხორციელება და სისრულეში მოყვანა, ამ კონკრეტული ტერიტორიების, ქუჩების, უბნების. მინდა, ირაკლი ბენდელიანს ვთხოვო, GWP-სთან ერთად დაიწყოს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად. წელს რისი საშუალებაც იქნება ყველაფერი ჩავატაროთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი მასშტაბურობიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად იქნება დაყოფილი.
„სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, ქსელის გარკვეული ნაწილი მოეწყობა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და რა თქმა უნდა, სამუშაოების წარმოება მომდევნო წელსაც მოგვიწევს. დროს ნუ დავკარგავთ. უკვე დავიწყოთ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.