თბილისის მერი, კახა კალაძე 110/40-ზე საარჩევნო სისტემას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ოპიზიციის მხრიდანაც.
ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხრდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში ბარიერი გახდეს.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს.
მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.
ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.