ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება. ეროვნული ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.
მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო.
„ახალი ბოტანიკური ცენტრი ხელს შეუწყობს ბაღის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გაძლიერებას, კოლექციებისათვის საინტერესო სახეობების გამრავლებას და იმ მისიის შესრულების უზრუნველყოფას, რაც გააჩნია ბოტანიკურ ბაღს ქვეყნის და მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვის წინაშე“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.
შენობა თანამედროვე სტანდრატებით აშენდება. ის ბოტანიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ტერიტორიაზე იქნება ბაღის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელშიც თავს მოიყრის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „აგაჰ გრუპი“ შეასრულებს. პროექტზე 2.7 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.
ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადეს ფონდ „ქართუს“, ბოტანიკური ბაღის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2020 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი დაარსების 175-ე წელს აღნიშნავს.