კრწანისის რაიონში, ზედა და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისწქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარეგანათების ქსელს.
“ქვედა და ზედა ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია. მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი კი ღორობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე, სადაც პიკის საათებში მოძრაობა ძლიერ შეფერხებულია”, – განაცხადა კალაძე.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 582 473 ლარი დაიხარჯა.