დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამა მარტიდან ამოქმედდება და 4 სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება. მისივე თქმით, პროფესიული გადამზადებისთვის გამოყოფილი თანხები წელს გაორმაგდება.
“ორი წელია რაც დავიწყეთ პროფესიული გადამზადების პროგრამა და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ველოდით ასეთ შედეგს. ძალიან წარმატებული გამოდგა. ორი წლის განმავლობაში 2000 ადამიანი გადავამზადეთ და ამ 2000 ადამიანიდან 70% გვყავს დასაქმებული, რაც ძალიან მაღალი ნიშნულია.
წელს ჩვენ გამოყოფილი გვაქვს თანხები, თუმცა ვაორმაგებთ თანხებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და გადაემზადოს. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები, რაც ბიზნესსექტორს გააჩნია. რა არის პრობლემა და რა მიმართულებით სჭირდებათ გადამზადებული ადამიანები და შესაბამისად, ამის შედეგად ხდება ადამიანების გადამზადება.
პროგრამა 4 სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება და 38 სპეციალობა იქნება მოცემული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მახსოვს როგორი პრობლემა იყო შემდუღებლების მიმართულებით, როდესაც ჰესებს ვაშენებდით, ელემენტარულად მცოდნე სპეციალისტებს ვერ ვნახულობდით და გვიწევდა ხან თურქეთიდან და ხან ინდოეთიდან ჩამოყვანა. რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობები გვაქვს ? უბრალოდ დახმარება სჭირდებათ ადამიანებს, რომ ხელი შევუწყოთ და მოვახდინოთ მათი პროფესიული გადამზადება. ეს პროგრამა მარტში იწყება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვს, რომ გასწავლოთ და ხელი შეგიწყოთ კონკრეტულ სპეციალობებზე, გამოიყენეთ ეს შანსი და შესაძლებლობა. თქვენ იცით რამხელა პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, ასევე, გამოწვევაა კვალიფიციური კადრების ნახვა, ყველას გაქვთ იმის საშუალება მოგვმართოთ, არანაირი ხარჯი არ გექნებათ, ყველაფერს ჩვენ თავზე ვიღებთ, გადაგამზადებთ, გასწავლით, გახდებით პროფესიონალები და სამსახურსაც ძალიან მარტივდა ნახავთ“, – განაცხადა კალაძემ.