საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს – ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე, კულტურული ურთიერთობები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით საქართველოს ბაზარზე ბელარუსული კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი.
“დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები, მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ უკვე შექმნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ლიფტების ერთობლივი წარმოება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსს შეუძლია მოახდინოს თავისი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია და ამისთვის გამოიყენოს შავ ზღვაზე მიმოსვლა, გამოიყენოს საქართველოს პორტები, რომლებიც ძალიან ინტენსიურად ვითარდება და გამოიყენოს ის გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საქართველო სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს. ყველა ეს არსებული მიღწევა და სამომავლო პროექტი ასახულია კომისიის სხდომის ოქმში და იმ მოლაპარაკებებში, რაც შედგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.