„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებები ჯერ ისევ განხილვის პროცესშია. ორგანიზაცია კანონდარღვევით გამოცხადებული მინიმუმ ექვსი აუქციონის გაუქმებას ითხოვს, აქედან სამი სამცხე–ჯავახეთშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
“მწვანე ალტერნატივაში” თვლიან, რომ ლიცენზიის აუქციონზე გატანამ, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესზე და უბიძგოს სამინისტროს, მიიღოს წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის სასურველი გადაწყვეტილება.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, აუქციონის გამოცხადებამდე, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, სკრინინგის პროცედურის შედეგად, უნდა დაადგინოს ექვემდებარება, თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით შეფასებას ან საერთოდ მიზანშეწონილია, თუ არა საქმიანობის განხორციელება,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული შემდეგი აუქციონები:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ღორეშას“ გამარმარილოებული (მოსაპირკეთებელი) კირქვის გამოვლინება (კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (სამივე უბანზე ერთად) – 890 625 მ3).
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).
3. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩიის საბადო (კატეგორია – B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის (საღორღე ნედლეული) ჯამური მოცულობა – 3 398 000 მ3).
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხანჩალის“ ტორფის საბადო (კატეგორია – A, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 63 000 ტონა).
5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).
6. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე, „მოდეგის“ ვულკანური წიდის საბადო (კატეგორია -A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 20 701 700 მ3).
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ასე ჰქვია ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის სააგენტოს ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით შეირჩა და აუქციონზე გავიდა სხვადასხვა რეგიონში მდებარე 100–მდე საბადოს ლიცენზია, მათ შორის 10 სამცხე–ჯავახეთშია.