I-IV კლასის შენობა-ნაგებობებზე შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებას რამდენიმე ათასი ლარით. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (72 მომხრე) „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კოდექსს ემატება 132 პრიმა მუხლი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა) გამოიწვევს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმებას.
ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით: თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 3 000 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 1 000 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის (საჯარო/საზოგადოებრივი დანიშნულების) – 200 ლარით; ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით. 30 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ გახდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
აღნიშნული კანონპროექტი ამოქმედდება 2020 წლის 12 მაისიდან.