ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

1093

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს საცხოვრისის მართვისა და განვითარების მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამონაწილეობის საფასური 10-დან 5%-მდე შემცირდა.

„ჩვენ გასულ წელს მთელი რიგი პროექტები განვახორციელეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამონაწილეობა კონკრეტულ პროექტებში, თავიანთ ეზოებში, უბნებში იყო 10%-იანი, ანუ მთლიანი პროექტის ღირებულების 10% უნდა დაედოთ, შეეკრიბა მოსახლეობას. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ, 10%-ის ნაცვლად 5% თანხაა დასადები და ამ თანხას, მათ მიერ დადებულს თვითონვე განკარგავენ სხვა რომელიმე პროექტში. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ განკარგონ ეს თანხები. გასულ წელს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს პროგრამა, ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული. ჩვენ წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მე მინდა დაგავალოთ და გთხოვოთ, უზრუნველყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებითვის საცხოვრისის მართვისა და განვითარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარება. შეხვდით ამ ადამიანებს, აუხსენით, თუ როგორ უნდა იყვნენ კიდევ უფრო ეფექტურები, რომ აითვისონ ის თანხები, რაც ამ მიმართულებითაა გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნებ ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელიც განხორციელდება სხვადასხვა პროექტების სახით“,- განაცხადა კალაძემ.