თბილისის მერი კახა კალაძე დიზაინერებს მიმართავს, მერიას მიაწოდონ პროექტები, თუ როგორ წარმოუდგენიათ თბილისის მეტროსადგურების დიზაინი.
“მეტროს მიმართულებით მინდა დიზაინერებს მივმართო. ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზდე, რომ გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, რომელიც დიზაინით არის დაინტერესებული, ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით და მხარდაჭერით გვექნება საუკეთესო დიზაინი, ხოლო შემდეგ მოხდება პროექტის განხორციელება.
დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით გვექნება საუკეთესო დიზაინები. გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ დიზაინამდე მივსულიყავით, უკვე გაკეთებულია.
მაგალითად, ვარკეთილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა ამას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, ვინც შეძლებდა ჩაეტარებინა სრულყოფილი კვლევა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც ორი წლის წინ მოხდა. ჩამონგრეული ჭერი მაქვს მხედველობაში, რომ ანალოგიური არ მოხდეს. თუმცა დღეს გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია და შემდეგი ეტაპი არის ვიზუალიზაცია და დიზაინი. გთხოვთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რომ ჩვენი მეტროსადგურები იყოს ერთ-ერთი ულამაზესი. თანხებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.