კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მომზადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, კომუნიკაციები, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე მათი განვითარების შესაძლებლობა.
კახა კალაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 არეალი, რომელთა შორის კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებია, მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო.
“ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, რომლებიც დღეს პრობლემას წარმოადგენს. პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა, არ არის შესაძლებელი, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ 11 არეალზე მშენებლობის უფლებები შეგვეჩერებინა, ჩვენ თვითონ დაგვეპროექტებინა, ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა და გვეთქვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს მიწის მფლობელებთან და სამშენებლო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.
“რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც ამ კონკრეტულ არეალში მიწის ნაკვეთებს ფლობს. ასევე, დაიწყეთ კომუნიკაცია სამშენებლო სექტორთან და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული მიწების ნაკვეთების განვითარება. ის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც გაქვთ ნამუშევარი, წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კონკრეტული არეალების სწორად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საჯარო განხვილვების მოწყობისა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალებაც გასცა.