თბილისის მერია მარტიდან ჯანდაცვის ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თითოეული პაციენტისათვის 24 000 ლარი გამოიყოფა.
“მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ მედიკამენტები 80%-ით დაუფინანსდებათ .
ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.