დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა

559

თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია.

„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი მართლაც ვერ იქნება.“