თბილისის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს მიმართავს და კორუფციის პრევენციისთვის მაქსიმალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
კალაძის თქმით, თუკი ვინმეს დახმარება დასჭირდება, მერია მარტო არ დატოვებს, თუმცა მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ „მერია მაქსიმალურ პრინციპულობას“ გამოიჩენს.
“მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან”,- განაცხადა კალაძემ.