სემეკი-ს თავმჯდომარემ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების საფასურის გაორმაგების მიზეზი განმარტა

1097

წინა სტატია

სემეკი-ს თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წლის იანვრიდან ახალი აბონენტები, რომლებიც გაზის აბონენტად რეგისტრაციისთვის განაცხადით მიმართავენ თბილისში “თბილისი ენერჯის“ და რეგიონებში “სოკარს“, გაორმაგებულ საფასურს გადაიხდიან. ნარმანიას თქმით, აღნიშნული ცვლილება ტარიფის ზრდის თავიდან აცილების მიზნითაა მიღებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ფოთი , რუსთავი და ბათუმი. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად კომპანიებს ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და შესაბამისად, სხვაობა უნდა დაფარულიყო ტარიფიდან. მოქმედ აბონენტებს, რომ არ გაზრდოდათ ტვირთი, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ რეგულაციებს ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება-მიწოდების წესებთან დაკავშირებით არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არაა.

“ზოგადად, 2020 წელი ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდება. მიღებულია ახალი კანონი ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც სემეკმა 20-მდე ახალი რეგულაცია უნდა მიიღოს. ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი,“- განმარტა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა.