თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძიმე მდგომარეობაში არსებული გზის მონაკვეთი დღეისათვის ყველა სტანდარტის დაცვით სრულად რეაბილიტირებულია და მასზე უსაფრთხო გადაადგილებაა შესაძლებელი.
“პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და რამდენიმე წუთში უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ბურჯები და კოჭები. კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაში. შარშან ერთი პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩავატარეთ, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია თავისი გამწვანებით. მოეწყო თარგები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით და კლდის მხატვრული მინათებით. 2 მილიონზე მეტი დაჯდა პროექტის განხორციელება. სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. დღეიდან გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი ისე, რომ მძღოლებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარეგანათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “კონსტრაქშენ სერვისი” აწარმოებდა.