თბილისის მთავრობა საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით

762

დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში კომპანია „m2“ , რომელმაც კომპანია „სვეტის“ მშენებლობები უნდა დაასრულოს, სამშენებლო ნებართვებს მიიღებს და შესაძლებელი იქნება, სამუშაოების დაწყება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მერიის უშუალო მონაწილეობით, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2019 წლის სექტემბერში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, სამშენებლო კომპანია „m2 დაასრულებს სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მშენებლობებს და 2 500 დაზარალებული მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს. „სვეტის“ დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი. აღნიშნულის საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხის განხილვა, დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები და პრეფერენციები, რომლებიც არსებითია ამ მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულების დაკმაყოფილებისათვის.

დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას. მერია მზადაა, გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა დეველოპერთან სამშენებლო პროცესის მაქსიმალურად დროულად დაწყებისათვის. კომპანია „m2– ის დაპირებით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2020 წლის თებერვლის დასაწყისში,” – განაცხადა კახა კალაძემ.