კალაძე: მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ – დღესვე დაიბარეთ კომპანია

867

სტატიის გაგრძელება

მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს.

„მინდა, შევეხო მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები. დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ გულზე შემოგეყრებათ ისეა სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დაიბარეთ კომპანია დღესვე და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება-ჩაბარება. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდაა ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი. ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი. დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მერიის მხრიდან არის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დღეს ღამით დასრულდება თამარ მეფის ხიდის პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხვალიდან კი უკვე შესაძლებელი იქნება გზის ამ მონაკვეთით სარგებლობა.