სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის , ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა. სწორედ ეს წარწერა დატოვა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები იმართება თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში.
“ლუკა, ბოდიში”, “რატო მკლავ”, “შემდეგი შეიძლება შენ იყო”, “ამ ცხოვრების დედაც” — ამ წარწერებს ტოვებენ აქციის მონაწილეები, მათ შორის თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, შინაგანს საქმეთა სამინისტროსთან და რეგიონებში, ასფალტზე, სადაც აქციები ტარდება.
ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. გამომძიებელს ბრალი უკვე წარადგეინა.