კალაძე ტაქსებს რეკლამის განთავსების ფორმას უწუნებს

998

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქში თეთრი ფერის ზოგიერთი ტაქსი “რეკლამითაა შეფუთული”, რაც მიუღებელია და დამტკიცებულ ვიზუალურ სტანდარტს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ ჯარიმები სწორად გამოწერა.

კალაძის თქმით, არანაირი რეგულაცია არ შეცვლილა, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის და მას რეკლამის განთავსებისთვის აქვს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, სადაც ყველგან რეკლამაა გადაკრული, მთლიანად რეკლამითაა შეფუთული. ეს მიუღებელია და ცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერაა დამტკიცებული. ამიტომ, სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი. ამასთან, ქალაქში გადაადგილდება მანქანები, რომლებსაც უკანა ნაწილი აქვს სხვა ფერის, ტაქსის კორპუსი კი არის თეთრი ფერის. ვიცი, რომ ყოველდღიურად მათ ეგზავნებათ SMS-ები, რომ თუ არ მოწესრიგდება, დაჯარიმდებიან. განვმარტავ, რომ რეკლამისთვის არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი გაწერილია ჩვენ შემუშავებულ რეგულაციებში და ეს არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა კალაძემ.

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ამასთანავე, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გაწევა 200 ლარით ჯარიმდება. ხოლო თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.