ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მამუკა მუმლაძის ნაცვლად, ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

575

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.

“დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

რაც შეეხება ვიქტორ წილოსანს, ის განათლებით გახლავთ ეკონომისტი. მუშაობდა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე იყო პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს პირველი კატეგორიის მრჩეველი და აქვს ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება.

მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ხოლო მამუკა მუმლაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მას საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, მაშინ როცა იქმნებოდა ახალი სატრანსპორტო სქემები და საავტობუსე ზოლები. მისი გამოცდილება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუმცა ამ ეტაპზე გუნდს სჭირდება გაძლიერება და მიხარია, რომ ამ საქმეს როგორც ვიქტორი, ისე მამუკა ჩაუდგება სათავეში.

ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რადგან მხოლოდ ავტობუსების შემოყვანა არასაკმარისია იმისთვის, რომ სატრანსპორტო პრობლემა მოგვარდეს. ამ ინფრასტრუქტურას ეკონომიკური ღირებულება ექნება ჩვენი ქალაქისთვის. ვიწყებთ მუშაობას ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე – ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით და მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემით. წარმატებას ვუსურვებ ამ გუნდს”,- განაცხადა კალაძემ.