მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლის დაძლევასაც მუნიციპალიტეტი გაზრდილი ბიუჯეტით შეუდგება.
„უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ უამრავი გამოწვევა გვაქვს ქალაქში. ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ესენია პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რა იქნება ხვალ, როგორი იქნება თბილისი. 2020 წლის ბიუჯეტი იქნება განსხვავებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ისტორიულ ციფრს მივაღწიეთ – მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება თბილისში. ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ ყველფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გამოწვევა, რომელიც გვაწუხებს, ღირსეულად იყოს გადალახული და მოგვარებული.
რა თქმა უნდა, მთაწმინდის რაიონსაც ექნება გაზრდილი ბიუჯეტი, მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისთვის. გარდა ამისა, კიდევ დაემატება 1,5 მლნ ლარი იმისათვის, რომ მცირე საუბნო პროექტები – სტადიონები, სკვერები, მწვანე სივრცეები მოწესრიგდეს. პარალელურად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი უბნების რეაბილიტაცია, როგორიცაა მაგალითად, ორბელიანის მოედანი. ასე გვინდა განვაახლოთ ძველი თბილისი, ასე გვინდა მოვუაროთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რითაც ვამაყობთ”, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია ორი ძირითადი მიმართულება.
„ეს არის ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური დახმარებები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება სჭირდება. ბიუჯეტის 30% სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, რაც დახლოებით 363 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გვყავდეს, რომელსაც სოციალური დახმარება დასჭირდება. ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
მისი თქმით, 2020 წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება.
გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 91 685 კვ. მ ფართობის გზის საფარი; 6 მისამართზე პირველად მოეწყო ქვაფენილი; აშენდა გრუნტის დამჭერი 25 კედელი და ერთი გაბიონი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 197 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები კი ჩატარდა 330 მისამართზე. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 29 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 8 სპორტული მოედანი და 2 ფიტნეს ზონა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში 373 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 38 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სადარბაზოს.
მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება; 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდა.
ორი წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში 28 025 349 ლარი დაიხარჯა.
მთაწმინდის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლადო კახაძე და თბილისის მთავრობის წევრები.