„პროცესი მიმდინარეობს”, – ასე უპასუხა დღეს კონკურენციის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პურის გაძვირების მიზეზებზე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ კონკურენციის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელისთვის მიცემულ დავალებას შეეხებოდა.
“მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს სამი ძირითადი სეგმენტის მიმართულებით – ეს არის ხორბლის იმპორტის კომპონენტი, ეს არის ფქვილის წარმოების და პურის წარმოების კომპონენტი; პროცესი მიმდინარეობს. საჭიროა ასევე განახლება. ყოველწლიურად ახლდება ინფორმაციები, რომლის მიწოდებაც სექტორიდან ხდება”, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმდომარემ.
BM.GE-ის კითხვაზე, არის თუ არა სექტორში ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ამ ნაწილში დარგი კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის გახდება კვლევის შედეგები ცნობილი, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ „მონიტორინგის პროცესი დამოკიდებულია ინფორმაციის განახლების შემდეგ ამ ინფორმაციის დამუშავებასა და წინა პერიოდთან მათ შედარებაზე.
„ასევე გითხარით სამი სექტორი, რა ნაწილშიც საჭირო იქნება სექტორულად გარკვეული დასკვნების გაკეთება”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის დავალებით, პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა 2019 წლის დასაწყისში დაიწყო. საქმე იმაშია, რომ 2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში პურის ფასები 10 თეთრით გაიზარდა, რისი მიზეზიც ხორბლის შესასყიდი ფასის ზრდა იყო. მაშინ მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს “უმოკლეს ვადებში” ამ გაძვირების მიზეზის დადგენა დაავალა.