ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა.
„ეს ეხება ფიზიკურ პირებს. იურიდიული პირები დიდწილად იხდიან. როდესაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ამოღების მაჩვენებელი დაბალი აქვს, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იქ ინვესტირება განახორციელოს. შესაბამისად, ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში შესაძლოა, ქსელი ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გადასახადი იქნას გადახდილი, რათა ამოღებული ფულით „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეძლოს ქსელის გამოცვლა, დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ქსელის გაძლიერება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გაძლიერდეს“, – აცხადებს ნარმანია.
ცნობისთვის, ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.
სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთ მიზეზსაც მაცხოვრებელთა მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს, მათ შორის სვანეთს, ელექტროენერგიას “ენერგო პრო ჯორჯია” აწვდის. კომპანიამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაახდევინოს სვანეთის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარების საფასური, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, “ენერგო პროს” სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. ამასთან, კომპანია კრიპტოვალუტების მზარდ გამომუშავებას პრობლემად აღიქვამს და მისი გადაჭრისთვის სპეციალური ზომების მიღებასაც გეგმავს.
“ენერგო პროს” ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა.