კალაძე: კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი „თელასმა“ დააზიანა, კომპანია დაჯარიმდება

963

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩაზე რეაბილიტირებული საკანალიზაციო მილი კომპანია „თელასმა“ დააზიანა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, „თელასმა“ ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე ჩაატარა.

„კანდელაკის ქუჩაზე ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო საკანალიზაციო მილი, ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც შემოწმების აპარატის საშუალებით დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც ახალი ჩადებული, რეაბილიტირებული და განახლებული მილი ორ ადგილზე იყო გაგლეჯილი. ცხადია, ვიღაცას მიწის ბურღვითი სამუშაოები ჰქონდა ნაწარმოები ისე, რომ არც ნებართვა ჰქონდა, არც შეტყობინება იყო შემოსული და ორ ადგილზე იყო დაზიანებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. განახლებული, სრულად რეაბილიტირებული დაზიანებული მილი ორ ადგილას კანდელაკის ქუჩაზე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, დღეს ორივე მონაკვეთი მოწესრიგებულია, თუმცა აქ არის სხვა პრობლემა – ეს ყველაფერი დააზიანა „თელასმა“, მე არ მესმის, უბრალოდ, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომა ქალაქის, მუნიციპილიტეტის, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იმისთვის, რომ ელექტროენერგია, ძაბვა შეეყვანათ, გააკეთეს ბურღვითი სამუშაოები ნებართვის გარეშე“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამის გამო კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება.

„ეს მიუღებელია და ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ჯარიმა იქნება გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და დაელაპარაკეთ, რომ ეს მიდგომა მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.