აჭარის მთავრობის თავმჯდომაროს განცხადებით დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
„თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, არ დაიჩაგროს გლეხი და მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საქართველოს პრემიერ მინისტრს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი რეგულაციებით 1 ნოემბრიდან თუთუნის რეალიზაცია შეფუთვისა და აქციზის გარეშე აკრძალულია.
აჭარაში, თამბაქოს რეალიზაციით დაკავებული ასობით ოჯახი რეგულაციების გამკაცრებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ამბობედნენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ამ მიმართულებით ისედაც მინიმალური აქციზი დაწესდა და მაღალმთიან რეგიონებში მისი კიდევ შემცირება ვერ მოხდება.