“ვაშლიჯვარი – ჩემი უბანია” – ფესტივალი სამეზობლო თემის ორგანიზებით, უბნის დასაცავად და ქალაქის განვითარებისთვის

1450

17 ნოემბერს ვაშლიჯვარში მოსახლეობის ორგანიზებით ფესტივალი “ვაშლიჯვარი – ჩემი უბანია” ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, “ვაშლიჯვარი – ჩემი უბანია” არის ჯგუფი, რომელშიც ადგილობრივები არიან გაერთიანებულები და ამ ჯგუფს და ფესტივალის მიზანი არის ვაშლიჯვრის მოსახლეობისა და ქალაქის მთავრობის წინაშე უბნის პრობლემების და გამოწვევების დაყენება, როგორიცაა საჯარო სივრცეების ნაკლებობა, გამწვანებული ტერიტორიების სიმცირე, სატრანსპორტო კოლაფსი.

მათი თქმით, ქალაქის განაშენიანების ქაოტური პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, ამიტომაც ფესტივალი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას, ახალი წევრების შემატებას სამეზობლო თემში “ვაშლიჯვარი – ჩემი უბანია”, რომ ერთად მიაწვდინონ ხმა გადაწყვეტილების მიმღებებ ჩინოვნიკებს.

“მე ვარ ჯგუფის წევრი, უცნობი ადამიანები დაახლოებით 2 წლის წინ გავერთიანდით და ჩვენ გვინდა, ჩვენი უბანი უკეთესობისკენ შევცვალოთ, ვაშლიჯვარი გახდეს ისეთი გამწვანებული და ისეთი სუფთა ჰაერი იყოს, როგორც იყო ვთქვათ მაშინ, როცა ჩვენ ამ უბანში დავსახლდით. გვინდა, რომ გამწვანება მოხდეს, გვინდა, რომ ხალხი გაერთიანდეს ამ იდეის გარშემო, გვინდა, რომ ჩვენ უბანს ერთად მოვუაროთ და გვინდა, რომ ის რეკრეაციული ზონები, რაც ვაშლიჯვარს და მთლიანად თბილისს გააჩნია, დავიცვათ. დავიცვათ, რათა ვაშლიჯვარში არ მოხდეს “მეორე სპორტის სასახლე”. წამწუხაროდ, ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა გასხვისებულია და ძალიან ბევრი მშენებლობა იგეგმება. ასევე გვინდა შევცვალოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან გვაწუხებს,”- აცხადებს “ვაშლიჯვარი – ჩემი უბანიას” ჯგუფის წევრი მარინა მესხი.

ფესტივალი ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი სამეზობლო თემის ორგანიზებით, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა.

ღია საზოგადოების ფონდი მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში ცდილობს წაახალისოს მოქალაქეთა ინიციატივები და ხელი შეუწყოს მათ თვითორგანიზებას, რადგან მათ აქვთ ცოდნა ადგილობრივი პრობლემებისა და მეტი გავლენა ადგილობრივ მთავრობებზე.