კალაძე: თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დეკემბრის დასაწყისში დასრულდება

601

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის პროცესი დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. ეს განცხადება თბილისის მერმა “ფეისბუქ ლაივის” დროს გააკეთა.

კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიაზე ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.

„არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გასულ წელს თამარ მეფის პანდუსის ერთი მონაკვეთი შევაკეთეთ, წელს კი საჭიროებიდან გამომდინარე მისი სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ეს არის „ქინგ დევიდის“ ქვეშ მდებარე ტერიტორია, რომელიც მთლიანად იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული. მთლიანად განახლდება მოაჯირები, გარდა ამისა გზაგამყოფები, საფეხმავლო ბილიკი, რომელიც პანდუსს დაუკავშირდება.

რაც შეეხება კედელს, ის სრულად იქნება მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით. იმის გამო, რომ ფერდის ნაშალი ჩამოდის, კედელი იქნება იმგვარად გაკეთებული, რომ ნაშალს შეაკავებს და პერიოდულად მოხდება მისი გაწმენდაც. ასევე, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რათა სავალ ნაწილს პრობლემა არ შეექმნას.

მთლიანდ შეიცვლება ასევე ტერიტორიაზე არსებული განათების ბოძები და ახალი განათების სისტემები დამონტაჟდება. ბეტონის სამუშაოები კვირის ბოლომდე, მთლიანად პროექტი კი ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც “ფეისბუქ ლაივის” დროს კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისთვის სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია. სამუშაოების ფარგლებში 350 მეტრის სიგრძის ახალი ესტაკადა დამზადდა.

ინფორმაციისთვის, სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, ასევე, თვალამრიდისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით, 1 836 543 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს.