უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ შესაძლოა მანდატი დატოვოს. ხოლო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი უმრავლესობის რიგების დატოვებით იმუქრება.
“ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ”, -განაცხადა დაჩი ბერაიამ „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, შესაძლებელია დატოვოს მანდატი და „აღნიშნულზე მინიშნებები იყო” . კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დადგეს მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი, ბერაია პასუხობს, რომ თეორიულად შესაძლებელია.
„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ გუნდურობის პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყო”, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა კი განაცხადა, რომ „კანონპროექტი მისთის წითელი ხაზია”
“თუ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, მე დავტოვებ უმრავლესობას“, – განაცხადა შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ.
“აბსოლუტურად ღია იყო საუბარია, არ დაგიმალავთ რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვითხოვდით, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლეობას აქვე გამოეხატა თავის პოზიცია, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება… ეს პროექტი ქვეყანას დააყენებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი… ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს მას, მე დავტოვებ უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.