“ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” – თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გამართა.
კალაძის განცხადებით, ძველი ავტობუსების ახალი პარკით ჩანაცვლება დედაქალქის მერიისთვის პრიორიტეტულია, რადგან ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
“შესაბამისად, ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ განვახორციელოთ არსებული პარკის ჩანაცვლება ასეთი ულამაზესი ევროპული სტანდარტების პარკით და ჩვენ ამ დაპირებას, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“- განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია უახლოეს მომავალში ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.
„პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მეტროს მიმართულებით, რომ მეტრო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყოს მოწესრიგებული და დავიწყეთ მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის ძალოვანი კაბელების ცვლილებები და არსებული ვაგონების რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ კიდევ ტენდერს, ახალი ვაგონების შესყიდვაზე, რომ ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე გამართული, ყველაზე სწრაფი და მოწესრიგებული თბილისელებისთვის“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების შედეგად საბოლოოდ ქალაქში გადაადგილება მოწესრიგდება.
„ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ეს ყველაფერი საერთო ჯამში, ჩვენ მოგვცემს მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქში მოწესრიგებულად გადაადგილების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც, არიან ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, ყველა იმ რეფორმაზე, იმ წინგადადგმულ ნაბიჯზე, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მერია. ჩვენ კრიტიკის თვალსაზრისით ვისმენთ, ყველა პროექტთან მიმართებით – რა დროს ეს იყო, მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა, მერე მეორე… მაგრამ არა, მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, საზოგადოებამ იმისთვის აგვირჩია, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ დედაქალაქში პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს, ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და მგონი არავის მოგწონთ ის, რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით შესაბამისად, რაც შეიძლება სწარაფად უნდა იყოს მოგვარებული ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.