ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.
როგორც მან განმარტა, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი უმაღლესი დონის სპეციალისტმა, თემურ ტყემალაძემ დაამუშავა და შესთავაზა.
„გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან – კუს ტბამდე –გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით – მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.
„დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად ძალიან გააცოცხლებს თბილისის ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ, პროექტი ისტორიულია და ძალიან პოზიტიურ რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთაწმინდა“, – აღნიშნა იავნიშვილმა.
როგორც მან განმარტა, საუბარია სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 ჰექტარზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი, 12-15 მილიონი ლარი იქნება.
„ამასთან ერთად, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ თაბორის მთის პროექტის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მუდმივად ირგვებოდა ახალი ხეები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯიშები არ იყო სწორად შერჩეული და ეს პროცესი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, თემურთან ერთად, მის უნიკალურ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ძალიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ თბილისელებს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ისე დახელოვნდნენ ოპონენტები შენების ნგრევად წარმოჩენაში, გარკვეული პროექტების წინასწარ დაანონსება უწევს.