ივანიშვილი ამბობს, რომ მზადაა „პანორამა“ – 30%-იანი ფასდაკლებით, „პარაგრაფი“ კი, 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდოს

1082

ბიძინა ივანიშვილი მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, – ამის შესახებ ქართული  „ანტრეპრენერი“ (Entrepreneur Georgia) წერს, რომელმაც დღეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„იგი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას დამატებით გეგმავს იმ ექსკლუზივებში, რაზეც ინტერვიუში ნაწილობრივ ისაუბრა.

იმავდროულად, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიღაც ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს“, – წერს Entrepreneur Georgia.

ამასთან, გამოწერა აღნიშნავს, რომ რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში – გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი.

გარდა ამისა, Entrepreneur Georgia-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით − მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს (მაქსიმალური ვადა − ორი წელი) და დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს.