ტაშკენტის ქუჩაზე ანძებს დემონტაჟს ჩაუტარებენ

920

თბილისის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით “თელასი“ 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების “საბურთალო-1“ და “საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ქვესადგურიდან „საბურთალო-1“ ცინცაძის, ტაშკენტის, დავითაშვილის და წულუკიძის ქუჩების გავლით ახალი საკაბელო ხაზი ეწყობა და მიმდინარეობს არსებული საჰაერო ხაზებისა და მათი ანძების დემონტაჟი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანძები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუჩის შუა ნაწილში იყო განთავსებული სერიოზულ პრობლემას წამოადგენდა.

“ღეს მართლაც ისტორიული დღეა. მოსახლეობას დავპირდით, რომ ტაშკენტის ქუჩაზე კორპუსებს შორის გადაჭიმული ელექტროგადამცემი ხაზების დემონტაჟს მოვახდენდით. კომპანია „თელასის“ წარმომადგენლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივაღწიეთ შეთანხმებას. ელექტროგადამცემი ხაზები უკვე მიწისქვეშაა ჩატანილი. კარგი არ არის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ელექტროგადამცემი ხაზები ერთმანეთს ანძებით უკავშირდებოდეს, ვიზუალურადაც ცუდად გამოიყურება. მთლიანად მოიხსნება ბეტონის საყრდენები, გზაც გაფართოვდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, პრობლემების გარეშე გადაადგილდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი საკაბელო ხაზის სიგრძე 2,66 კილომეტრს შეადგენს. საერთო ჯამში კი, მიწის
ქვეშ 16 კმ კაბელი დაიგება. პროექტს “თელასი“ ნოემბერში დაასრულებს.

“საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ ექსპლუატაციაში 50 წელზე მეტი ხნის წინ შევიდა. ხაზები საცხოვრებელი სახლების სახურავებსა და ეზოებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე გადიოდა, რაც ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე წესებს და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

მოძველებული საჰაერო ხაზები ამახინჯებდნენ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის იერსახეს და საგრძნობლად აფერხებდნენ ავტომანქანების მოძრაობას, – განმარტავენ მერიაში.

ახალი საკაბელო ხაზი საბურთალოს რაიონის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხსა და საიმედოობას გააუმჯობესებს.