ზუგდიდის ქალაქთმშენებლობით გეგმებს კონტრაქტორი კომპანია 8 თვის ვადაში შეიმუშავებს

647

ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შპს „არტსტუდიო-პროექტის“ დირექტორმა ირენე სკალვინიმ მოაწერეს.

მათივე ცნობით, ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ამოცანებია: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.

ქალაქთმშენებლობითი გეგმები კონტრაქტორმა კომპანიამ 8 თვის ვადაში უნდა წარადგინოს. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.