ხმალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაზრდილი მგზავრების რაოდენობა უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს სატრანსპორტო პრობლემას გადაჭრის

1071

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მეტრო მგზავრთნაკადის გადაყვანას შეუფერხებლად ახორციელებს და პრობლემა მხოლოდ პიკის საათებში ფიქსირდება.

“ბოლო წლების განმავლობაში მეტროში მუდმივად ხდება ნაკადების ზრდა. ეს კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორი, რაც იწვევს უფრო მეტ მგზავრობას. ჩვენი რეაგირება გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მეტროში შემადგენლობების რაოდენობა. კახა კალაძის დაპირება იყო 12 შემადგენლობის დამატებაზე, რაც წლის ბოლომდე დამატებული იქნება. 10 უკვე დამტებულია. ეს არის უფრო დიდი რაოდენობით მგზავრის გადაყვანა. გარდა ამისა, ვმუშაობთ მიწისზედა მეტროს შესახებ, მაგრამ უფრო მეტი პოტენციალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდის გვაქვს მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში. დიდი რაოდენობით ავტობუსები ჩამოსულია და წლის ბოლომდე 200 ერთეული ჩამოვა. მომავალ წელს კი კიდევ 200 ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა. ვერ ვიტყვით, რომ მერია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. დღევანდელ ნაკადებს მეტრო აუდის, მაგრამ პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, რომელიც გადასაჯდომია ერთი ხაზიდან მეორეზე და იქ არის პიკის საათებში გადატვირთულობა. პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს სწორია და რაც მთავარია, შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები”,- განაცხადა ხმალაძემ.

ფოტო: ნიუპოსტი