რაჭაში ონის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული. მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. სულ, 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომელიც წლებია არასათანადო პირობებში ინახება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, რეგიონის და მის მოსახლეობისთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც არა მხოლოდ რეგიონის მცხოვრებლების დამაგრებას, არამედ მათ დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს.