კალაძე: წყნეთში სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

703

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ. N21-ში, სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო. მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული სპორტული ცენტრი, დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს მოიცავს, აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საგზაო-ინფრასტრუქტურული თუ მსგავსი პროექტები ადაპტირებული უნდა იყოს, რათა შშმ პირებმა თავი  კომფორტულად იგრძნონ.

ასევე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსში, მნიშვნელოვანია, შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდეს.