გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ტენდერებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

1369

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების[1] შემდეგ იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს”, – ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

“ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.

იოსებ მაკრახიძე ბიზნესს პარლამენტის წევრად არჩევამდეც ეწეოდა: მისმა კომპანიებმა 2014-2016 წლებში სახელმწიფო შეკვეთებიდან 43 მილიონ ლარამდე მიიღეს. თუმცა 2016 წლის ივლისში  „ქართული ოცნების” მიერ გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, ტენდერებიდან უშუალოდ მაკრახიძის კომპანიების შემოსავლები დაახლოებით 1.7-ჯერ (75 მილიონ ლარამდე) გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან – მათ  მმართველ პარტიას 2016-2018 წლებში 120 000 ლარი შესწირეს.

განსასჯელის სკამიდან “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის 31 ივლისს, „ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო არჩევნებზე გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბიზნესმენ, იოსებ მაკრახიძის დასახელებას წინ სასამართლოს განჩინება უძღოდა, რომლითაც მაკრახიძის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

Factcheck-ის ინფორმაციით, იოსებ მაკრახიძეს თანხების მითვისების გამო ბრალი ჰქონდა წარდგენილი: პროკურატურა მას 2012-2014 წლებში რამდენიმე ეპიზოდში  სახელმწიფოს კუთვნილი 79 450 ლარის მითვისებას და თაღლითობას ედავებოდა. 2016 წლის აპრილში მას 10 000 ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა.

გორის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე 9 დღით ადრე, 2019 წლის 22 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე იოსებ მაკრახიძის ადვოკატმა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, ბიზნესმენის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრები ბიზნესი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახის წევრები (შვილები და მეუღლე) 10 კომპანიაში  ფლობენ წილებს[2].

ჩვენი კვლევის ფარგლებში მიმოვიხილავთ სამ კომპანიას: „იბოლიას” და „შარას”, ასევე იოსებ მაკრახიძის ძმის, ალექსანდრე მაკრახიძის კომპანია „არქმშენსტუდია 2002”-ს.

სამივე კომპანია მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტო მონაწილეობით: „იბოლიამ”, „შარამ” და „არქმშენსტუდია 2002”-მა, მაკრახიძის მაჟორიტარად წარდგენიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, 69 ტენდერში გაიმარჯვეს, აქედან 41-ში შესყიდვის ერთადერთი მონაწილეები იყვნენ. სულ კომპანიებმა 91 827 289 ლარი მიიღეს, მათ შორის 45 მილიონზე მეტი უკონკურენტო ტენდერების პირობებში.

მაკრახიძესთან დაკავშირებული  კომპანიების მიერ მოგებული ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით

შპს “იბოლიას” შესყიდვები მაკრახიძის დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ

ყველაზე მეტი შემოსავალი საგზაო-სამშენებლო კომპანია „იბოლიამ” მიიღო, სადაც იოსებ მაკრახიძე 40%-ს ფლობს. აღნიშნული წილი მაკრახიძეს, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მინდობით აქვს გადაცემული. ამავე კომპანიის 15-15% წილის მფლობელები არიან მისი შვილები: ოფელია და მარიანა მაკრახიძეები.

აღნიშნული კომპანია სახელმწიფო ტენდერებში იოსებ მაკრახიძის დეპუტატად არჩევამდეც აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა მაკრახიძის გორის მაჟორიტარ კანდიდატ წარდგენის შემდეგ მისი შემოსავლები ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 2016 წლის ოქტომბერში, შპს „იბოლიამ” კომპანიის არსებობის მანძილზე უმსხვილესი, 30 256 380 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ჯამში, შპს „იბოლიამ” მაკრახიძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ გორის, ქარელის, კასპის მუნიციპალიტეტების, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების 24 ტენდერი მოიგო და 18 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში კი 74 974 449 ლარი მიიღო.

24 ტენდერიდან „იბოლია” 15-ში უკონკურენტოდ მონაწილეობდა. 15-დან 10 შემთხვევაში კი შემსყიდველი გორის მუნიციპალიტეტი იყო. უკონკურენტო ტენდერებიდან „იბოლიამ” ჯამში 41 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

კომპანია „იბოლიას” მიღებული სახელმწიფო შესყიდვები იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ:

შპს “შარას” ტენდერები იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ

იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული მეორე კომპანია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს ხშირად იგებს, არის შპს „შარა”, სადაც დეპუტატ მაკრახიძის შვილი, ოფელია მაკრახიძე[3] ფლობს 33% წილს. ეს წილი ოფელია მაკრახიძემ 2018 წლის მაისში უსასყიდლოდ დედისგან, ციცინო კალანდაძისგან მიიღო. „იბოლიას” მსგავსად, „შარაც” საგზაო-სამშენებლო კომპანიაა.

იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, „შარა”-მ 26 სახელმწიფო შესყიდვიდან 16 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 3 236 363 მილიონი გორის, ქარელის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 8 შესყიდვიდან, რომლებშიც „შარა” ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო.

კომპანია „შარას” მიღებული სახელმწიფო შესყიდვები იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ:

იოსებ მაკრახიძის ძმის კომპანია “არქმშენსტუდია 2002”

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც იოსებ მაკრახიძესთანაა დაკავშირებული, არის „არქმშენსტუდია 2002”, რომელსაც მისი ძმა ალექსანდრე მაკრახიძე ფლობს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მაკრახიძეც საჯარო მოხელეა – იოსებ მაკრახიძის დეპუტატად არჩევის შემდეგ მისი ძმა გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

შპს „არქმშენსტუდია 2002”-იც აქტიურად მონაწილეობს გორში გამოცხადებულ ტენდერებში, რომელიც გზების დაგება-რეაბილიტაციას ეხება. ბოლო 4 წელიწადში, მაკრახიძის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ, გორის მუნიციპალიტეტში 882 505 ლარის ღირებულების 19 ტენდერში გაიმარჯვა და ამასთანავე, გამარტივებული შესყიდვებიდან  4 550 ლარი მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის 19 ტენდერიდან, სადაც ალექსანდრე მაკრახიძის კომპანიამ გაიმარჯვა, 18 უკონკურენტო იყო. შედეგად, შემოსავლის ჯამური თანხის 70%-მდე – 613 945.94  ათასი ლარი უკონკურენტო შესყიდვებიდანაა მიღებული.

კომპანია „არქმშენსტუდია 2002”-ის  მიღებული სახელმწიფო შესყიდვები იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ:

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

იოსებ მაკრახიძე და მისი ოჯახის წევრები 2011 წლიდან აქტიურად რიცხავენ თანხებს მმართველი პარტიების ანგარიშებზე. ჯამში, მათ „ნაციონალური მოძრაობისთვის” და „ქართული ოცნებისთვის” 253 000 ლარი აქვთ გადარიცხული.

დასკვნა და რეკომენდაციები

გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში მის პარლამენტში არჩევამდეც მონაწილეობდნენ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით დადგინდა, რომ დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში სწორედ მისი კანდიდატად დასახელების შემდეგ დაწინაურდნენ – 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, მათთან დაკავშირებულმა 3-მა კომპანიამ 69 ტენდერში გაიმარჯვა, 26 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა და ჯამში 91.8 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღო მუნიციპალური და სხვა საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტებიდან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკონკურენტო ტენდერებს, სადაც გორის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ, გორისა და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული დაწესებულებები აცხადებენ.

შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებთან გორის მუნიციპალიტეტისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის ანტიკორუფციულ სამსახურს, შეისწავლოს საქართველოს პარლამენტის წევრ, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

[1] „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით, 2018 წელს იოსებ მაკრახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია https://bit.ly/2M6k8QG

[2] შპს-ები: „იბოლია”, „შარა”,  „ე.ი.ლ.ჯ”, „იმედი”, „მაკმარი”, „ზმ”, „მსჯ+”, „ჰორიზონტი”, „იონი”, „ემ-სი-ჯი”

[3] შპს „იბოლიას” და შპს „შარას” გარდა, დეპუტატის შვილთან, ოფელია მაკრახიძესთან არის დაკავშირებული რამდენიმე სხვა კომპანიაც – მამამ 2017 წლის სექტემბერში უსასყიდლოდ გადასცა 50% წილი შპს „მათა”-ში. ასევე, ოფელია მაკრახიძე ფლობს წილებს კომპანიებში: შპს „ემ-ეს-ჯი”-სა (100%) და შპს „იონში” (65%). აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობენ.

არაერთ კომპანიას ფლობს იოსებ მაკრახიძის მეორე შვილი, მარიანა მაკრახიძეც. ოფელია მაკრახიძის მსგავსად, მის საკუთრებაშია შპს „იბოლიას” 15% წილი, თუმცა „იბოლიას” გარდა, სხვა კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობენ. მარიანა მაკრახიძე შპს „მაკმარის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია, შპს „იმედში”,„ზმ”-ში, „მსჯ+”-ში კი 50% წილების მფლობელი და დირექტორია, ამდენივეს ფლობს შპს „ჰირიზონტშიც”.

ბიზნესით არის დაკავებული დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლე, ციცინო კალანდაძეც. ამ დროისათვის ის ფლობს შპს “ე.ი.ლ.ჯ”-ის 33% წილს. აღნიშნული კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” კვლევაში.