საბურთალოს რაიონში სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულებამ, რომელსაც შპს “ენ სი სი“ აწარმოებდა 2 804 000 ლარი შეადგინა.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ განათების ბოძები, რომელიც რამდენიმე დღეში განათდება. ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მიწების ფასმა უკვე ზრდა დაიწყო, იმის გამო, რომ კაპიტალურად მოწყობილი და ყველანაირი სტანდარტის დაცვით გაკეთებული გზაა. აქ ამოსვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი.
ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით – არის ბუნებრივი აირი, ხოლო მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ქალაქის დაყოფა ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. ჩვენთვის ყველაფერი პრიორიტეტულია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით, ყველგან შევდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასრულებული სამუშაოების დათვალიერებისას.