თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიკროავტობუსები და ავტობუსები ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს გადაინაწილებენ და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც კომპანია “სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. ეს არ არის სწორი. მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. ამასთანავე, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც ქუჩის გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსის გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ადგილები ბევრია ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში,“ – აცხადებს კახა კალაძე.
მისივე თქმით, მერიას გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად ქალაქი არასოდეს დაუყვია და ყველგან თანაბრად ხდება მუნიციპალური სერვისების მიწოდება.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში, ითვალისწინებს მთელი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გადანაწილებას იმგვარად, რომ მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება ავტობუსი, ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს, ან საპირისპიროდ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შეხვედრისას ექმნება გვერდის აქცევის პრობლემა. პრაქტიკულად, დღეს თუ გვაქვს მიკროავტობუსების და ავტობუსების ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სატრანსპორტო ქსელი, ახალი სისტემა იქნება ინტეგრირებული სისტემა, რომლის ფარგლებში მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება,“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 მარტს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა, შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. მისი თქმით, მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებენ.