თბილისის მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს

1291

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს წელს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს, დაფინანსებას მიიღებენ აგრეთვე მაგისტრანტებიც. კალაძის თქმით, დაფინანსდება 2 ძირითადი მიმართულება: სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.

“მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას”,- განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, კალაძის თქმით ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას.

“სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი”, – აღნიშნა კალაძემ