ბათუმთან ახლოს ტურისტული თავშესაფრები, პანორამული პლატფორმები და 11-კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკი მოეწყობა

1151

მთა მტირალასა და ხელვაჩაურის სოფელ ყოროლისთავში ტურისტული თავშესაფრების, პანორამული პლატფორმებისა და 11 კილომეტრიანი ეკოსათავგადასავლო ველობილიკის მოეწყობა იგეგმება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა
მთა მტირალასა და სოფელი ყოროლისთავის კვლევებზე დაფუძნებული ტურისტული განვითარების გეგმის მომზადებას, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების არქიტექტურული ნახაზების, პროექტის სადემონსტრაციო-საპრეზენტაციო ვიდეოსა და 3D ვერსიების გაკეთებას და მთა მტირალას ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადებას ითვალისწინებს.

ტურისტული განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა და მისი ნახვა მსურველებს ამ ბმულზე შეუძლიათ.

“მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება გააჩენს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას. მტირალას მთა მისი ქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის. მთიდან იშლება ზღვისა და მთის ულამაზესი ხედები, სადაც შესაძლებელია მოეწყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის წვიმის პერიოდშიც ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტად იქცევა. იგულისხმება მთაზე გადახურული პანორამული პლატფორმებისა და ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სოფელ ყოროლისთავის მოსახლეობა მოტივირებულია ჩაერთონ ტურისტულ საქმიანობაში და შესთავაზონ ტურისტებს მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

გეგმის მომზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში ENPARD 3“ ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.